logo
ENG



"ველოდებით პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის შეფასებას" - კობახიძე Mona.ge-ზე

25 ოქტ 202312:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/25/o0bgug7jsbut5w5.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერების მიერ შექმნილი ვებგვერდი Mona.ge "ბოლშევიკური და ფაშისტურია". მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძისთვის და ელენე ხოშტარიასთვის "ეს დამახასიათებელია, რადგან ისინი გამოირჩევიან ბოლშევიკური მენტალიტეტით".

კობახიძე ამბობს, რომ "საერთაშორისო პარტნიორებისგან ელოდებიან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადოდ შეფასებას".

"რეალურად, ამ ორმა ადამიანმა, ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შექმნეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური, ფაშისტური ვებგვერდი და ეს მათთვის არის დამახასიათებელი, ეს მათ ახასიათებს, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მენტალიტეტით გამორჩეული, ორი ე.წ. პოლიტიკოსი, ისინი არიან ექსტრემისტები, რადიკალები, რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს მათი ქმედებები და ჩვენ ველოდებით საერთაშორისო პარტნიორებისგან ამ ბოლშევიკური ნაბიჯის სათანადოდ შეფასებას", - განაცხადა კობახიძემ.

12 ოქტომბერს ვებ-გვერდ Mona.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ავტორებიც პარტიები გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.

გარდა ამისა, პარტიებში აცხადებენ, რომ პლატფორმაზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც თავად გასცემენ ან თავად ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარდა ამისა, იმართებიან რუსული მეთოდებით.

ლიდერები ამბობენ, რომ ამ ადამიანთა პროფილებს შეარჩევს სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ეს სიები კი დიპლომატიურ მისიებს თუ საემიგრაციო სამსახურებს გადაეცემა.


close დახურვა